სესხის ხელშეკრულება

სესხის ხელშეკრულება  

წინამდებარე სესხის ხელშეკრულება განსაზღვრავს სესხის მიღების, სარგებლობის და გადახდის პირობებს და არეგულირებს სესხით სარგებლობისას მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

მსესხებელი ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე ხელშეკრულებას, სრულად შეავსოს და ელექტრონულად დაეთანხმოს განაცხადს, რითაც იმავდროულად ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს წინამდებარე ხელშეკრულებას და ეთანხმება მას.

 

1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები

წინამდებარე სესხის ხელშეკრულებაში და სესხის ხელშეკრულების დადებისა და შესრულებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ გაფორმებულ სხვა დოკუმენტებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ გამომდინარეობს:

გამსესხებელი - შპს „ვანდუ ფაინანს„ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი 400165806, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქ. N14ა, სადარბაზო N1, ბინა 55, ელ. ფოსტა info@grandoo.ge.

მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც სრულად გაეცნო წინამდებარე სესხის ხელშეკრულებას, გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სესხთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ეთანხმება მათ, სურს სესხის მიღება და გამსესხებელთან აფორმებს წინამდებარე სესხის ხელშეკრულებას.

მხარე - გამსესხებელი ან მსესხებელი.

მხარეები - გამსესხებელი და მსესხებელი ერთობლივად.

ხელშეკრულება - წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც გამსესხებელსა და მსესხებელს შორის, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, დადებულია ელექტრონული ან სტანდარტული ფორმით და მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს. ხელშეკრულების დადებაზე ელექტრონულად ნების გამოვლენა ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით.

სესხის განაცხადი - გამსესხებლის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმა სესხის მოთხოვნის შესახებ, რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ და რომლის ელექტრონულად შევსება და დადასტურება წარმოადგენს მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე სესხის ხელშეკრულების დადებაზე.

მოწვევა ოფერტზე - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის პირობების საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსება, რომელიც არ წარმოშობს გამსესხებლის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით.

ოფერტი - მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებული პირობების გაცნობისა და გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი.

აქცეპტი - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დადასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე სესხის პირობების შესახებ ინფორმაციისა და გადახდის გრაფიკის გაგზავნით. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენის მომენტიდან.

სესხის თანხა - თანხა, რომელსაც წინამდებარე სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს მის მიერ დადასტურებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით დაბრუნების, ფასიანობის და ვადიანობის საწყისებზე და რომელიც ექვემდებარება ამ უკანასკნელის მიერ გამსესხებლისათვის დაბრუნებას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

სესხის ვადა - გამსესხებლის ვებ-გვერდზე მითითებული სტანდარტული ვადებიდან ერთ-ერთი, რომელიც მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსებისას მითითებულია ვებ-გვერდზე და გამსესხებლის საპასუხო ნების გამოვლენით არის დადასტურებული.

სესხის პროცენტი - პროცენტი, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისათვის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს წარმოეშობა ყოველთვიურად გადასახადის სახით სესხის თანხასთან ერთად გადახდის გრაფიკის შესაბამისად; პროცენტის ოდენობა განისაზღვრება სესხის თანხისა და ვადის მიხედვით და მისი დაანგარიშების წესი განთავსებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე.

პირგასამტეხლო - მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. მსესხებელი აცნობიერებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია, საჭირო გახდეს დარიცხული თანხის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, 0.5 მეათედამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას.

მიმდინარე დავალიანება - მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება დროის კონკრეტულ შუალედში, რომელიც მოიცავს დაბრუნებას დაქვემდებარებულ სესხის თანხას, სესხის პროცენტსა და პირგასამტეხლოს, ასევე სხვა ასანაზღაურებელ ხარჯებს.

გადახდის თარიღი - მსესხებლის მიერ გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადის გადახდის ბოლო დღე.

სესხის გადავადება - გადავადების საფასურის გადახდის შემდეგ, გამსესხებლის თანხმობით, მსესხებლის მიერ ყოველთვიურად გადასახადის გადახდის თარიღის გადავადება 1 (ერთი) თვით.

სესხის გადავადების საფასური - მომსახურების საფასური, რომელსაც მსესხებელი გადაუხდის გამსესხებელს ყოველთვიური გადასახადის გადახდის თარიღის გადავადების მიზნით; საფასურის ოდენობის დაანგარიშების წესი განთავსებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე.

გამსესხებლის საბანკო ანგარიში - გამსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც გახსნილია საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში და რომლის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე.

მსესხებლის საბანკო ანგარიში - მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც გახსნილია საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში და რომელიც მითითებულ იქნება მსესხებლის მიერ ან საიდანაც ხორციელდება გადახდა იდეტიფიკაციის მიზნით და რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა.

იდენტიფიკაცია - მსესხებლის მიერ განაცხადის შევსების შემდეგ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (0.01 ლარი) გადარიცხვა ან გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონით, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი საბანკო ანგარიშის იდენტიფიკაცია.

გამსესხებლის ვებ-გვერდი - ვებ-გვერდი www.grandoo.ge, რომლის საშუალებითაც მსესხებელს აქვს შესაძლებლობა, შეავსოს განაცხადი სესხის მისაღებად, გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს და განახორციელოს გამსესხებლის მიერ ნებადართული სხვა მოქმედება.

პერსონალური კოდი - გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება მსესხებლის იდენტიფიცირებისათვის.

მესამე პირი - პირი, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების მხარეს.

კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ასევე საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

 

2. ზოგადი დებულებები

2.1.      სესხის განაცხადის შევსებით მსესხებელი ადასტურებს, რომ:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) არის ქმედუნარიანი, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა ხელშეკრულების დასადებად და შესასრულებლად;

გ) მის მიერ განაცხადის შევსება ხდება ნებაყოფლობით, მეორე მხარის ან მესამე პირთა მიერ მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის თუ სხვა არაკანონიერი ქმედების გამოყენების გარეშე, სრულად აცნობიერებს საკუთარ ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

დ)  აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ე) არ აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;

ვ) არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არ არსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე;

თ) გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია.

2.2       სასესხო განაცხადის შევსების შემდეგ, სესხის გაცემამდე, გამსესხებელი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

2.3       მსესხებელი ადასტურებს, რომ მის მიერ სესხის განაცხადში მითითებული ყველა მონაცემი არის ნამდვილი და კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მის სიზუსტესა და უტყუარობასთან დაკავშირებით. მსესხებელი აცნობიერებს იმ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც დადგება არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში. გამსესხებელს უფლება აქვს, ნებისმიერი კანონიერი საშუალებით გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული მონაცემების სისწორე.

2.4       მსესხებელი ადასტურებს, რომ მას აქვს აქტიური ანგარიში საქართველოში მოქმედ რომელიმე კომერციულ ბანკში და მას აქვს ამ ანგარიშითა და მასზე არსებული ფულადი საშუალებებით სრული და შეუზღუდავი სარგებლობის უფლება.

 

3. სესხის განაცხადი და სესხის გაცემა

3.1       სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებ-გვერდზე ელექტრონულად ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მსესხებელი უთითებს მისთვის სასურველი სესხის ოდენობას და ვადას და ეთანხმება სესხის გადახდის გრაფიკს. სესხის განაცხადის შევსებით და ველი „ვადასტურებ, რომ გავეცანი შპს „ვანდუ ფაინანსის„ ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე სესხის ხელშეკრულებასა და გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, სრულად აცნობიერებს მათ შინაარსსა და სამართლებრივ შედეგებს, მოცემული პირობები მისთვის სრულიად მისაღებია, ეთანხმება მათ და აკეთებს ოფერტს ამ პირობებით სესხის ხელშეკრულების დადების შესახებ.

3.2       სესხის განაცხადის შევსების შემდეგ ხდება იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს მსესხებლისა და მისი საბანკო ანგარიშის გადამოწმების მიზნით მსესხებლის მიერ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (0.01 ლარის) გადარიცხვას ან გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმებას.

3.3       იდენტიფიკაციის დასრულების შემდეგ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზი.

3.4       თუ გამსესხებელი უარს განაცხადებს მსესხებლისათვის სესხის გაცემაზე, მაშინ ითვლება, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა.

3.5       გამსესხებელი, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მსესხებელს მის მიერ მითითებული ელექტრონულ ფოსტის მისამართზე უგზავნის ინფორმაციას სესხის პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. აღნიშნული მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება და წინამდებარე ხელშეკრულება შედის ძალაში.

3.6. მსესხებელს უფლება აქვს გამოიყენოს სესხი ნებისმიერი კანონიერი მიზნებისათვის.

3.7       გამსესხებელი უფლებას იტოვებს, ცალმხრივად მოახდინოს სესხის პროცენტის შემცირება (დაგეგმილი აქციების ან სხვაგვარი სარეკლამო აქტივობების პერიოდში) და აღნიშნული ცვლილება არ საჭიროებს მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებას.

 

 

 

4. სესხის გადახდის პირობები

4.1       მხარეები თანხმდებიან, რომ მსესხებელი სესხის თანხას და სესხის პროცენტს გადაუხდის გამსესხებელს გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ ყოველთვიური გადასახადის სახით. ყოველთვიური გადასახადის გადახდის თარიღია შესაბამისი თვის ის დღე, რომელ დღესაც მოხდა სესხის გაცემა, ხოლო ბოლო გადახდა განხორციელდა სესხის ვადის ბოლო დღეს. თუ გადახდის დღე ემთხვევა დასვენების დღეს, გადახდის დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე.

4.2       გადახდა ხორციელდება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით შესაბამისი დანიშნულების მითითებით. მსესხებელის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან. გადახდა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს გამსესხებლის მიერ დადგენილი ალტერნატიული გზებით, როგორიცაა სწრაფი გადახდის ტერმინალები და სხვა ალტერნატიული საშუალებები, რომელიც გამსესხებელმა შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახადოს მსესხებლისათვის.

4.3       გადახდა ხორციელდება იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც სესხი იქნა გაცემული. სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მიიღოს გადახდა და გადახდილი თანხის ოდენობა განსაზღვროს თანხის მიღების დღეს იმ ბანკში არსებული კომერციული გაცვლითი კურსის მიხედვით, სადაც მოხდა თანხის ჩარიცხვა.

4.4 მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის შეტანისას დანიშნულებაში მსესხებლის სახელის, გვარის და მსესხებლისთვის მინიჭებული პერსონალური კოდის მითითება.

4.5       თუ გამსესხებელი იღებს გადახდას, რომლის ამოცნობა შეუძლებელია, ამოცნობის მომენტამდე მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება და გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.

4.6       მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო, შემდეგ დარიცხული სესხის პროცენტი, სხვა ასანაზღაურებელი ხარჯები და ბოლოს სესხის თანხა. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის სესხის პროცენტისა და სესხის თანხის დასაფარად, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება. მსესხებელი აცხადებს თანხმობას სესხის დაფარვის ზემოაღნიშნულ რიგითობაზე.

4.7       სესხი დაფარულად ჩაითვლება და სასესხო ურთიერთობა წყდება ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში, რაც გულისხმობს გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოსა და სხვა ასანაზღაურებელი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად ჩარიცხვას. თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა.

4.8 მსესხებელი უფლებამოსილია, გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადი გადაიხადოს გადახდის თარიღამდე. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სესხის თანხა და სესხის პროცენტი იმ ოდენობით, რისი გადახდაც მოუწევდა მას გადახდის თარიღზე.

4.9       თუ მსესხებელი სრულად გადაიხდის სესხის თანხას გადახდის თარიღამდე, გამსესხებელი უფლებამოსილია დააკისროს მსესხებელს წინსწრებით დაფარვის პირგასამტეხლო არა უმეტეს სესხის ნარჩენი თანხის 2%-ის ოდენობით.

 

5. სესხის გადავადება

5.1       მსესხებელს უფლება აქვს გამსესხებელს შესთავაზოს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადის გადავადება 1(ერთი) თვით გამსესხებლის მიერ სესხის გადავადებისათვის დადგენილი პირობების დაცვით. გამსესხებელს უფლება აქვს, მიიღოს ან უარყოს მსესხებლის აღნიშნული შეთავაზება. სესხის გადავადება შესაძლებელია შეუძრუდავი რაოდენობით.

5.2       გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადის გადახდის 1 (ერთი) თვით გადავადებისათვის მსესხებელი იხდის სესხის გადავადების საფასურს გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე დარიცხვის გზით, რომლის ოდენობა და დაანგარიშების წესი მოცემულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე. მსესხებელი ვალდებულია, მიუთითოს გადახდის დანიშნულება - „გადახდის გადავადება“. საფასურის გადახდის შემდგომ გამსესხებელი უგზავნის მსესხებელს შეტყობინებას გადახდის გადავადების ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სესხის გადავადების საფასური მსესხებელს არ უბრუნდება და ჩეთვლება გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ყოველთვიური გადახდის (ნაწილობრივ) გადახდად.

5.3 თუ გამსესხებელი დათანხმდება გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადის გადახდის გადავადებას, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიური გადასახადი მომდევნო თვეებში თვის იმ დღეს, როდესაც მოხდა გადახდის გადავადება.

5.4       გამსესხებელი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება სესხის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ.

5.5       გამსესხებელი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ მსესხებელს შესთავაზოს სესხის დაფარვის რესტრუქტურიზაცია ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული გრაფიკის შედგენის საფასური პირველი სესხის შემთვევაში შეადგენს გადასახდელი სესხის თანხისა და სესხის პროცენტის 4%-ს თვეში, ხოლო ნებისმიერი მომდევნო სესხის შემთხვევაში გრაფიკის შედგენის საფასური შეადგენს სესხის თანხისა და სესხის პროცენტის 2%-ს თვეში. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი დაეთანხმება აღნიშნულ პირობას, იგი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საფასური. მსესხებელი აცნობიერებს, რომ გრაფიკზე დათანხმების შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია, საჭირო გახდეს გრაფიკის შედგენის საფასურის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით 0.5 მეათედამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას. ინდივიდუალური გრაფიკის შეთავაზება წარმოადგენს გამსესხებლის დისკრეციულ უფლებას და არა ვალდებულებას და მსესხებელს არ შეუძლია, მოსთხოვოს გამსესხებელს აღნიშნული უფლების გამოყენება.

5.6       გამსესხებელის მიერ, წინამდებარე ხელშეკრულების 5.5 მუხლის შესაბამისად, მსესხებლისთვის ინდივიდუალური გადახდის გრაფიკის შეთავაზების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია გადახდის გრაფიკის შედგენისას შეამციროს გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა. იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი ჯეროვნად შეასრულებს გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ ვალდებულებებს, იგი გადაიხდის პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობით. ხოლო თუ მსესხებელი დაარღვევს გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ ვალდებულებებს, გამსესხებლის მიერ ამ მუხლის საფუძველზე შემცირებული პირგასამტეხლო აღდგება და მსესხებელს დაეკისრება მისი სრულად გადახდის ვალდებულება. ინდივიდუალური გადახდის გრაფიკის შეთავაზებისას პირგასამტეხლოს შემცირება წარმოადგენს გამსესხებლის დისკრეციულ  უფლებას და არა ვალდებულებას და მსესხებელს არ შეუძლია, მოსთხოვოს გამსესხებელს ასეთი უფლების განხორციელება.

 

6. სხვა სესხის მიღება

6.1       არსებული სესხის ბოლომდე დაფარვის შემდეგ მსესხებელს უფლება აქვს გამსესხებლის ვებ-გვერდზე შეავსოს სესხის განაცხადი სხვა (ახალი) სესხის მისაღებად.

6.2       ახალი სესხის განაცხადის შევსებით მსესხებელი ეთანხმება სესხის განაცხადის შევსების დღეს ვებ-გვერდზე არსებულ პირობებს და აცნობიერებს, რომ ყველა შემდეგ აღებულ სესხზე გავრცელდება წინამდებარე სესხის ხელშეკრულების პირობები.

 

7. პასუხისმგებლობა, ფორს-მაჟორი

7.1       მხარეები იღებენ ვალდებულებას, აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

7.2       მსესხებელი ვალდებულია შეასრულოს სესხის ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და სრულად აცნობიერებს მათი დარღვევით გამოწვეულ პასუხისმგებლობას. მსესხებელი პასუხს აგებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით გამსესხებლისთვის მიყენებული ნებისმიერი პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე. ზიანის ანაზღაურება მსესხებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

7.3       მსესხებელი პასუხს აგებს გამსესხებლის წინაშე სესხის ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულეზე, გამსესხებლის ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისას და განაცხადის შევსებისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ასევე ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მან გამსესხებელს მიაწოდა ხელშეკრულების დადებისას, დადებამდე ან დადების შემდეგ.

7.4       თუ მსესხებელი დაარღვევს გადახდის გრაფიკს, სტანდარტული წესით, მას დაერიცხება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს დარიცხვა შეჩერდება, როდესაც კალენდარული წლის განმავლობაში მისი ჯამური ოდენობა მიაღწევს სესხის ნარჩენი თანხის 150%-ს.

7.5       გამსესხებლის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არ დაირიცხება, თუ მსესხებელი გადახდის ვადას გადააცილებს არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა. თუ სესხის გადახდა მოხდება 5 (ხუთი) კალენდარული დღის შემდეგ, მსესხებელს დაეკისრება სრული მოცულობის პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ ვადაგადაცილების დაფიქსირების პირველივე დღიდან. ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვალდებულებებისაგან.

7.6       მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნი შესრულებისათვის, თუ ამის მიზეზი გახდა ფორს-მაჟორი (გადაულახავი ძალა), რომლის წარმოშობა ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეებს არ შეეძლოთ წინასწარ განესაზღვრათ და თავიდან აეცილებინათ.

7.7       ფორს-მაჟორში მოიაზრება მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებანი, რომლებიც ცვლიან, აჩერებენ ან წყვეტენ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს, ნებისმიერი საომარი მოქმედებანი, აგრეთვე სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ან იწვევს არათანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად. ფორს-მაჟორული მოვლენის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.

7.8       თუ ერთ-ერთი მხარე ფორს-მაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან. ფორს-მაჟორი არ ათავისუფლებს მხარეებს მისი დასრულების შემდეგ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან.

7.9       შეუსრულებელ ვალდებულებაზე მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

8. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

8.1       მსესხებელი თანახმაა, რომ გამსესხებელმა დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი, დაბადების თარიღი, სქესი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, საქმიანობის სფერო, ყოველთვიური შემოსავალი, მიმდინარე ან/და წარსულში აღებული სესხის/ვალდებულების მოცულობა, მისი შესრულება და სხვა მონაცემები. მსესხებელი ასევე თანახმაა, რომ გამსესხებელმა მის მიერ მიწოდებული ზემოთ ჩამოთვლილი პერსონალური მონაცემების გამოყენებით სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში მოიძიოს და დაამუშავოს მსესხებლის შესახებ ნებისმიერი სხვა პერსონალური მონაცემი. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედებას, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მსესხებლის მიერ წინამდებარე სესხის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციისა და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას მსესხებლის მოძიებისა და სესხის გადახდევინების მიზნით (მათ შორის სასამართლოსთვის მიმართვის გზით).

8.2       ამ ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის პერსონალური მონაცემები მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ (რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წ. 14 თებერვალს, რეგისტრაციის #06/5-51), რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან და ასევე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გავრცელება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე და გადახდილი სესხების/ვალდებულებების შესახებ. მსესხებელი აცნობიერებს, რომ გამსესხებლის მიერ სს „კრედიტინფო საქართველოსთვის“ მიწოდებული მისი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება იმ პირებისთვის, რომლებიც სარგებლობენ სს „კრედიტინფოს საქართველოს“ მომსახურებით, რაზეც წინასწარ აცხადებს თანხმობას.

8.3       ამ ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის პერსონალური მონაცემები მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე მოითხოვოს და მიიღოს სს „კრედიტინფო საქართველოსგან“ (რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წ. 14 თებერვალს, რეგისტრაციის #06/5-51), რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან და ასევე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გავრცელება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე და გადახდილი სესხების/ვალდებულებების შესახებ. გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს აღნიშნული ინფორმაცია მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შეფასების, სესხის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და გამსესხებლის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.

8.4       ამ ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის პერსონალური მონაცემები მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს მესამე პირებს, მათ შორის: მსესხებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირ(ებ)ს, პრობლემური სესხების ამოღებაზე მომუშავე კომპანიებს, თანხის გადარიცხვის სერვისის მომწოდებელ კომპანიებს და სხვა პირებს. მესამე პირებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა შესაძლებელია წინამდებარე სესხის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციისა და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას მსესხებლის მოძიებისა და სესხის გადახდევინების მიზნით (მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვის გზით).

8.5       გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ სესხის მომსახურების საკომისიოს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო დავის არსებობის შემთხვევაში - საარბიტრაჟო, სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.

8.6       მსესხებელი თანახმაა, ნებისმიერ დროს, გამსესხებლის მიერ შემდგომი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერ სახის სარეკლამო კამპანიას ან/და პრომო აქციას) გამსესხებლისგან ან/და სხვა პირებისგან მიიღოს ცნობა, წერილი, მოკლე ტექსტური ან ნებისმიერი სხვა შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, მსესხებლის მიერ განაცხადში მითითებულ რეკვიზიტებზე. ამასთან, ზემოთაღნიშნული რეკვიზიტების ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილ რეკვიზიტებთან მიმართებაში გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება მსესხებლის შემდგომი თანხმობის გარეშე.

8.7       მსესხებელი ადასტურებს და კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ მითითებული საკონტაქტო პირების შესახებ მოწოდებული პერსონალური მონაცემების გამსესხებლის მიერ დამუშავების მიზნით მიღებული აქვს ნებართვა მონაცემთა სუბიექტებისაგან.

8.8       მსესხებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

 

9. ხელშეკრულების შეწყვეტა მსესხებლის ინიციატივით

9.1       მსესხებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება გამსესხებლის იურიდიულ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებით.

9.2       მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებაში მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გამსესხებლის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

ბ) მსესხებლის სახელი, გვარი, პერსონალური კოდი;

გ) ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესახებ;

დ) განცხადების შედგენის დრო და ადგილი;

ე) მსესხებლის სახელი და გვარი, ხელმოწერა.

 

10. ხელშეკრულების შეწყვეტა გამსესხებლის ინიციატივით

10.1     გამსესხებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს სესხის ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

ა)  მსესხებელი აგვიანებს გადახდას 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;

ბ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შესაბამისად მსესხებელს შესაძლებელია დაეკისროს მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება გაცემული სესხის თანხას ან/და მსესხებელი დაპატიმრებულია;

გ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია.

10.2     გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, პირველივე მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, დარიცხული სესხის პროცენტისა და, არსებობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ჩათვლით.

 

11. შეტყობინება

11.1     წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინება მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს:  მის მიერ მითითებულ მისამართზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით ან კომუნიკაციის სხვა ნებისმიერი საშუალებით.

11.2 მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე.  შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ დროს შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არცერთი პირი ან პირი უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე.

11.3     შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს ის თუ არა უშუალოდ მსესხებელს ან მისი ოჯახის წევრს. ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება მსესხებლისთვის შეტყობინების ჩაბარებად.

11.4     მსესხებელი, ყოველდღე, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე, უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტითა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეტყობინების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.

11.5     წინამდებარე ხელშეკრულების 11.1 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს გამსესხებელს. გამსესხებელი უფლებამოსილია, შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის და მსესხებელი არ არის უფლებამოსილი, დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ გამსესხებელმა ჩაბარების მცდელობა არ განახორციელა რამდენჯერმე ან რამდენიმე თუ ყველა საშუალებით.

11.6     მსესხებელი ადასტურებს, რომ თანახმაა გამსესხებელთან ელექტრონული ფორმით სესხის ხელშეკრულების დადების შემდგომ მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერა ელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე. მსესხებელი ინფორმირებულია, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი მიუღებლობა არ ათავისუფლებს მას სესხის თანხის, გადასახდელი სესხის მომსახურების საკომისიოს ან პირგასამტეხლოს გადახდისაგან.

11.7     თუ იცვლება მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მსესხებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამსესხებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად.

 

 

12. უფლებამონაცვლეობა

 

12.1 გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები ნებისმიერ დროს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუთმოს, გაყიდოს, გადასცეს მესამე პირს მსესხებლისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

12.2 მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

12.3     ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.

 

 

13. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

 

13.1     წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13.2     წინამდებარე ხელშეკრულებასთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით.

13.3     შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე.

 

 

14. დასკვნითი დებულებები

 

14.1 გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები მსესხებლის თანხმობის გარეშე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას. ხელშეკრულების პირობების ცალმხრივად ცვლილების შემთხვევაში, გამსესხებელი ვალდებულია მსესხებელს აცნობოს ცვლილებების შესახებ.

14.2     იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არღვევს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ სესხის დროულად დაფარვის ვალდებულებას, გამსესხებელი აქვს უპირობო უფლება მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს პრობლემური სესხების ამოღების კომპანიას, არსებული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის. მსესხებელი თანახმაა, რომ ვადაგადაცილებული სესხის თანხის ამოღების შემთხვევაში იგი დაფარავს ამოღების ხარჯებს. გამსესხებელი უფლებამოსილია, ინფორმაცია მსესხებლის შესახებ გადასცეს სხვა კრედიტორებს, მათი უფლებების დასაცავად.

14.3     მსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს გამსესხებელს და მიიღოს გამსესხებლის ხელმოწერით დადასტურებული სესხის ხელშეკრულება.

14.4     თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების სამართლებრივ ძალაზე.

14.5     წინამდებარე ხელშეკრულებაში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა ხელშეკრულების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე. 

14.6     მსესხებელი ვალდებულია გამსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც მოთხოვნილი იქნება გამსესხებლის მიერ ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. 

14.7     გამსესხებლის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელების გადავადება არ ნიშნავს იმას, რომ გამსესხებელი უარს ამბობს თავის უფლებებზე. აგრეთვე, გამსესხებლის ნებისმიერი უფლების ნაწილობრივ ან სრულად გამოუყენებლობა არ ნიშნავს მომავალში ამ უფლების სრულად გამოყენების შეზღუდვას.

14.8     ნებისმიერი უფლება, რომელიც მიენიჭება გამსესხებელს მსესხებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად კრებითია და დაემატება ამ ხელშეკრულებით ან კანონით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას. 

14.9     მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულია გამსესხებლის იურიდიული მისამართი. 

14.10   იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.   

 

დაგვიკავშირდით
მოგვწერეთ
ჩეთის დაწყება